საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საფრანგეთის პრესა ეხმაურება

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება საფრანგეთის პრესაც.

გამოცემა RFI-ში გამოქვეყნდა საქართველოში სპეციალური კორესპონდენტის, რეჟის ჟანტეს სტატია სათაურით – “საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის GRU- ს კიბერშეტევაში ადანაშაულებენ”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინიტრის განცხადება.

„გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა: „გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

ავტორი ასევე იმოწმებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას:

„ამ ოპერაციის მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა”, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რეჟის ჟანტე აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა კიბერშეტევამ აჩვენა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული დათბობის პოლიტიკა არ იცავს მას ამ უკანასკნელის აგრესიისგან.

აღნიშნულ თემაზე ინფორმაციები გამოქვეყნდა ასევე, გამოცემებში, Le Figaro და Le Monde-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები