Euractiv,RTBF და Radio Free Europe “გრუ”-ს მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურებიან
რუსეთის “გრუ”-ს მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო და კერძო, ასევე მედიასაშუალების ვებგვერდზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას Euractiv, RTBF და Radio Free Europe ეხმიანებიან.
გამოცემა Euractiv-მა სტატია სათაურით, „საქართველო” ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული” ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ”.
სტატიის ავტორი 2020 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ციტირებს, „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება”.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს სპეციალური განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის „გრუ”-ს სადაზვერვო დანაყოფის „Sandworm”-ის მიერ.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ეს ქმედება დაგმეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
Euractiv-ის გარდა, მომხდარ კიბერშეტევას ეხმაურებიან სხვა მედია საშუალებებიც, მათ შორის ბელგიური RTBF და რადიო თავისუფლება (Radio Free Europe).
სტატიებში ნათქვამია, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო საქართველოს მხარს უჭერენ და ფართომასშტაბიან კოორდინირებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებენ.