გიორგი გახარია კიბერშეტევაზე: ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად

კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემა. კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა.

“კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემა. კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს-საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჰიბრიდული ომი საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დიახ, ეს თავდასხმა რუსეთის მხრიდან მომდინარეობდა.

„იმხელა რაღაც გაკეთდა ამ ერთობლივი ღონისძიებით და გამოძიებით, საქართველოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რომ დიახ, ეს თავდასხმა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან და ამხელა შედეგების და ამხელა ძალის შემდგომ მსგავსი მიზეზების პოვნა და ამაზე გამოკიდება არ არის ღირსეული. ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და კონკურენციიდან გამომდინარე ქვეყანას კი ნუ ვებრძვით, ერთმანეთთან შევიდეთ კონკურენციაში და კითხვის ეგ ფორმულირება არის უბრალოდ არაკორექტული,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები