ცესკოს თანამშრომლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.
სწავლება ცესკოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისივე თქმით საარჩევნო ადმინისტრაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
„ამ ფორმატში ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, განმტკიცებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში ცესკოს შეიძლება ჰქონდეს,”- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები; პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება; საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებების მიმოხილვა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზოგადი მიდგომები და რეკომენდაციები – ამ საკითხებზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროექტების და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერმა მარიამ ელყანაშვილმა და იურისტმა მაია დემეტრაშვილმა ჩაატარეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს ცნობიერების ამაღლების აქტიურ კამპანიებს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო პროცესებში. სწორედ ამ ფარგლებში დღეს ცესკოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მონაწილეებმაც მიიღეს ინფორმაცია საკანონმდებლო ვალდებულებების შესახებ, ასევე განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითებიც“,-აღნიშნა მარიამ ელყანაშვილმა.
ტრენინგში ცესკოს და სწავლების ცენტრის 20-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ერთობლივი ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მარტის დასაწყისში დაგეგმილია ტრენინგი საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებიც, შემდგომ, ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.