დავით ზალკალიანი: რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრი საერთაშორისო დაგმობა უნდა მოჰყვეს
რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული მავნებლური კიბერთავდასხმა არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ამის შესახებ Twiiter-ის გვერდზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დაწერა.
მინისტრის თქმით, მომხდარს მკაცრი საერთაშორისო დაგმობა უნდა მოჰყვეს.
“მკაცრად ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები, ბიზნესი და მედია გახდა. ეს დესტრუქციული ქმედება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი საერთაშორისო დაგმობა”,-დაწერა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის “გრუ”-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა.
აღნიშნულს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. მაიკ პომპეოს განცხადებით, ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. აშშ პირობას დებს საქართველოსა და ქართველების წინაშე, რომ მხარს დაუჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები როგორც საქართველოში ისე სხვა ქვეყნებში.
მომხდარი საქართველოში ბრიტანეთის საელჩომაც დაგმო.