ანდრია გვიდიანი ვანო მერაბიშვილზე: ფორმა იგივეა – რევანში, ანგარიშწორება, ტერორი
ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„და აი, ისიც, გამოვიდა – ვანო… სიმართლე რომ ვთქვა, მასზე დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია. ყოველთვის ჭკუათხელი მეგონა, ჭკუათხელი, რომელსაც შემთხვევით განუსაზღვრელი ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში – ჰო, ასეა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი დამოკიდებულების სისწორეში.მოკლედ, გამოვიდა და რაო?! გადავხედოთ მის მთავარ გზავნილებს.
– წლის ბოლოს მატროსოვის კარები ფართოდ გაიღება და ძალიან ბევრი ადამიანი შევა ამ ციხეშიო – ფორმა იგივეა, რევანში, ანგარიშსწორება, ტერორი.
– ეს ხელისუფლება დაემხობაო, მე ვარ მაგის გარანტიო – კაი ერთი, თუ ძმა ხარ, თუ რამის დამხობა გინდა, სადმე გამოიკეტე და რაც გინდა ის დაიმხვე. კისერიც გიტეხია, კინჩხიც ზედ მიგიყოლებია.
– მეც და სხვა ყველა, ვინც „მატროსოვის” ციხეშია, ყველა პოლიტპატიმარიაო – ამ ფრაზას ამბობს კაცი: რომლის დროსაც, პირადი ამბიციების დასაოკებლად ქუჩაში ხოცავდნენ უდანაშაულო ხალხს; რომლის დროსაც შეიქმნა ისტორიაში ყველაზე მძლავრი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა; რომლის დროსაც, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, აწამებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს; რომლის დროსაც მოხდა ყველაფერი ცუდი, რის გამოც სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე წავიდა ყოფილი ხელისუფლება.
– აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვებიო – მაგას რა ჯობია, მშვენიერი და გადასარევი. რაც შეიძლება დიდხანს იყავი ეკრანზე, ყველას კარგად რომ ახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე.
შეჯამების სახით რომ ვთქვა, ახალი არაფერია – სტილი დაცულია, მეთოდები შენარჩუნებული. ბოდიშს კი არ იხდის, მაპატიეთ, შემეშალაო, კი არ იძახის, არამედ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვს და იგივეს გაგრძელებას აპირებს, რითაც აქამდე მოვიდა. ისევ მართალი ჰგონია თავი და კიდევ ფიქრობს, რომ მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი სწორი იყო. ვერაფერში ვერ ხედავს საკუთარ დანაშაულს. როგორც ჩანს, 6 წელი და 9 თვე არ ეყო აზრზე მოსასვლელად.
კი ბატონო – გაიბრიქეთ და იყეყეჩეთ, ვინ რას მოიგებს მაგ კრეტინული დამოკიდებულებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს გადაწყდება”, – წერს ანდრია გვიდიანი.
ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა, რა დროსაც მან საზოგადოებას „გარანტია მისცა”, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება.