აზერბაიჯანში გამოფენა “საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან თაობამდე” გაიმართა

აზერბაიჯანში, ბაქოში, საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა” და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით – “საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან თაობამდე”.

ღონისძიებაზე 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს ასახავდა.

გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ხალხთა დაახლოების პროცესში და საქართველოს საელჩოს მიზანს წარმოადგენს შეიტანოს საკუთარი წვლილი მეგობრობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ მხატვრებს, რომლებმაც ფერწერულ ტილოებზე გულწრფელად ასახეს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები საქართველოზე.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა ავტორებს შესაბამისი დიპლომები გადასცა.

ღონისძიებას ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები