საქართველოს დელეგაციამ, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით მიღწეული პროგრესის, გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან. ასევე, დელეგაციის წევრები შეხვდნენ დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს.

დელეგაციამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ასევე, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილეს სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაზრდის მიზნით განხორციელებული აქტივობები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის პროგრესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

შეხვედრებზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველომ 2019 წლის 27 ნოემბერს გადმოიბარა. 6-თვიანი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო შემდეგი 4 პრიორიტეტული მიმართულებით იმუშავებს: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები