ოთარ ანგურიძე: ქვეყანა ვითარდება და ეკონომიკა იზრდება
„მიუხედავად პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან მცდელობისა, რომ შექმნან ფონი, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა – მონაცემები სხვაგვარად მეტყველებს. ქვეყანა ვითარდება და იზრდება ეკონომიკა“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბოლო ოფიციალურ მონაცემებს.
ანგურიძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობის ზრდის რეკორდული ტემპი, რომელიც ქვეყანას 2019 წელს ჰქონდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და ამაზე იანვარში ექსპორტის 10 %-იანი ზრდაც მეტყველებს.
„2019 წლის საგარეო ვაჭრობის რეკორდული ტემპი ( 3 771 მლნ აშშ დოლარი) 2020 წელსაც გაგრძელდა და იანვარი ექსპორტის 10%-იანი ზრდით დაიწყო.ჯამურად, სავაჭრო დეფიციტი 0,2%-ით გაუმჯობესდა და 357,1 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა.ექსპორტის ზრდის გაუმჯობესება აჩვენებს, რომ ქვეყანაში იქმნება უფრო მეტი დამატებითი ღირებულება და უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც, საბოლოოდ, აისახება მოსახლეობის დასაქმების სტატისტიკასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,“ – წერს ანგურიძე.