ხელვაჩაურში ძაღლმა ქალი დაკბინა – “პირველი შემთხვევა არ არის”
ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალი ძაღლმა დაკბინა. როგორც დაზარალებული ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ყვება შემთხვევა დილის საათებში მოხდა, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა.
ქალს ნაკბენი ბარძაყის არეში აქვს, მან სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის თავად მიმართა, ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, ასევე გაუკეთდა ცოფის საწინააღმდეგო აცრა.
,,აქამდეც სულ მხვდებოდნენ ძაღლები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, წინა დღეებში იმავე ძაღლმა, რომელმაც დღეს მიკბინა, მეზობელიც დაკბინა, თუმცა რეაგირება არანაირი არ მომხდარა. ძაღლები მრავლადაა, როგორც უპატრონო, ასევე ეზოებიდან გადმოსული“,- აღნიშნავს დაზარალებული.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მსგავს სიტუაციაში მყოფმა პირმა ცხელ ხაზზე – 579 742 288 – უნდა დარეკოს. მერიაში განმარტეს რომ, თუ ტერიტორიაზე ქუჩის ძაღლების სიმრავლე შეინიშნება, ნებისმიერს შეუძლია შეტყობინება დააფიქსიროს. შესაბამისი სამსახური დროულად მოახდენს რეაგირებას და იმ ზომებს მიიღებს, რაც მისი კომპენტენციის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.