პროკურორი: გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, – ამის შესახებ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის, მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
„მინდა დაზარალებულის, გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. ბრალდების მხარე მერაბ კობიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ჩვენ როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები დასაბუთებული გვქონდა. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალურ საფუძვლებს, იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო. მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიექტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში, “ჯეო ჰოსპიტალსში” ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.