ნათია თურნავა: მალაიზიასთან ერთობლივი ბიზნესფორუმების მოწყობასა და ბიზნესდელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას ხელს შევუწყობთ
მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენს მსგავსად, სურვილი აქვთ ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დელეგაციას მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ხელმძღვანელობდა.
“მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრებს მოვუყევით, რომ განათლება არის ჩვენი მაღალი რანგის პრიორიტეტი – 2022 წლიდან ჩვენი მშპ-ს 6 პროცენტი დაიხარჯება სწორედ განათლების რეფორმასა და განათლების სექტორში, ასევე ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც არსებობს პროფესიული განათლების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ჩვენს უნივერსიტეტებს, წარმართონ სტუდენტური გაცვლის პროგრამები,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის შესახებაც ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ისაუბრა, ერთობლივი ბიზნესფორუმების მოწყობა და ორივე ქვეყანაში ბიზნესდელეგაციების ვიზიტების ორგანიზება იყო.