ნინო სიხარულიძე: პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე გამათავისუფლა სამსახურიდან

“რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე გამათავისუფლა სამსახურიდან,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ნინო სიხარულიძე წერს.

მისი თქმით, სამსახურიდან ყოველგვარი ახსნის და კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს. აქვე აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

“სოციალურ ქსელში აქტიურობით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მაგრამ ამჯერად ნამდვილად მინდა ჩემი ამბავი გაგიზიაროთ. დარწმუნებული ვარ ჩემს მდგომარეობაში არაერთი ადამიანი აღმოჩენილა და ვინ იცის, იქნებ ჩემი გამოცდილება ვინმეს მაინც გამოადგეს.

ამბავი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე გამათავისუფლა სამსახურიდან, სადაც წლების მანძილზე საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვმუშაობდი… გათავისუფლება მოხდა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და შესაბამისად, არც კომპენსაციაზე უფიქრია ვინმეს. ისე დამატოვებინეს სამსახური, რომ არავის უცდია, აეხსნა, რა იყო მიზეზი და რა თქმა უნდა, არც იმით დაინტერესებულან, სამსახურის ასე მოულოდნელად დაკარგვით, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩენილიყავი.
მათი გადაწყვეტილება იმდენად უსამართლო იყო, რომ გადავწყვიტე პრინციპულად ბოლომდე მიმეყვანა ეს საკითხი და ჩემი უფლებებისთვის სამართლებრივი გზით მებრძოლა.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩემს სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა!

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” -ს და პერსონალურად თეო ზაქარაშვილს, რომელიც ამ ბრძოლაში გვერდით მედგა და მიხარია, რომ ამ გუნდში თავისი საქმის ასეთი პროფესიონალები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ყველა მოთხოვნა დამიკმაყოფილა და ადმინისტრაციას კომპენსაციაც დააკისრა, ის უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი და საქმისადმი გულგრილი ჩინოვნიკები, ვისაც რეალურად დანაშაული მიუძღვის, მაინც დაუსჯელები რჩებიან, რადგან კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდება და არა მათი ხელფასებიდან. სამწუხაროდ, საჯარო სივრცეში დღესაც ბევრი ასეთი სახელმწიფო მოხელე მუშაობს, ვისაც ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ფულს და რომლებისთვისაც პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება უცხო რამ არის.

და ბოლოს , ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი როცა სიმართლე თქვენს მხარესაა,”- წერს ნინო სიხარულიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები