“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადეთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს” (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა მიმდინარე წლის პრიორიტეტს წარმოადგენს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციისადმი მიმართვიანობა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე.
2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და პოლიციისადმი მიმართვიანობის გაზრდის მიუხედავად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ პოლიციასთან, რაც მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს.
მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის კიდევ უფრო გააქტიურება. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა პოლიციას ჰქონდეს თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები