„ეკლესიის ავტორიტეტი ცილისწამების ნიაღვრით ილახება“, – გიორგი ანდრიაძე ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება
ფაქტები, რომელზეც მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია საუბრობს, ჩემი აზრით ცილისწამებაა. თუ ცილისწამება არ არის, მაშინ წარმოადგენს დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას, – ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ანდრიაძე მამა ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას გამოეხმაურა. მამა ანდრია სარია, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება აუკრძალა, ამბობს, რომ ერთერთ ეპისკოპოსს მონაზონთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და მათ ბერმა შეუსწრო. მამა ანდრია აცხადებს, რომ ამის შესახებ მან პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოსთანაც ისაუბრა, თუმცა მან და სხვა მღვდელმსახურებმა არ მოუსმინეს.
„პროცესი უკვე კატასტროფულ ფაზაში შედის. ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტი ცილისწამების ნიაღვრით ილახება. ეს ყველაფერი არის მართული ანტიეკლესიური, ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ. ის ფაქტები, რომლსაც ასახლებს დასჯილი მღვდელ-მონაზონი სარია, ჩემი აზრით, ცილისწამებაა. თუ არ არის ცილისწამება და ფაქტია, მაშინ ის წარმოადგენს დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას. ეს არის ჩუმი, ნელი მოქმედების ნაღმები, რომელიც ჩაიდო სხვადასხვა ხელისუფლების დროს.
დაწყებული კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ უკვე შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში მოხდა ეკლესიაში შეგზავნა სხვადასხვა რანგის სასულიერო პირებისა, მათ შორის ეპისკოპოსებისა, რომელთა მიზანიც იყო ეკლესიის დისკრედიტაცია. ასე რომ ფაქტი, რომელსაც ასახელებს სარია, თუ არსებობს, ეს არის შეგზავნილი ეპისკოპოსის მოქმედება. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს აბსოლუტური ცილისწამება.
თავად სარია, მისი მაკურთხებელი და ხელმძღვანელი ეპისკოპოსი პეტრე წარმოადგენენ საკაშვილის შეგზავნილ ზონდერებს, რომელთა მიზანიც იყო ეკლესიის დისკრედიტაცია. საჭიროა ამ თემაზე საზოგადოებამ მოისმინოს დამოუკიდებელი ხალხის აზრი. ტელევიზიები, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან „ნაცმოძრაობას“ ამ ყველაფერს ცალმხრივად აშუქებენ, ანუ მარტო მათ ალევენ ტრიბუნას. ასეთი სამწუხარო პროცესი მიდის“, – განაცხადა ანდრიაძემ.
თამუნა შეყილაძე