მიხეილ კალანდიამ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მას ჩვენება უნდა მიეცა.

კალანდიას თქმით, უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი არ გადასცა და მისთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

„უზენაეს სასამართლოს სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერები არ გადმოუცია. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენება და გავცეთ როგორც ბრალდების, ასევე სასამართლოს კითხვებზე პასუხები. ვინაიდან, ჩვენთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება გიორგი ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, რის შედეგადაც პროკურატურამ მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო გიორგი ჯანაშიასგან. ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან. პროკურატურიდან ასეთი ქმედების შემდეგ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ საპროცესო შეთანხმებას საქართველოში არავინ არ გადასინჯავს, ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ძალებს სურთ”,- განაცხადა კალანდიამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები