“არემჯი“ გარემოსდაცვითი პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოებს 2020 წელს დაასრულებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან და კომიტეტთან არსებულ, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან ერთად (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები) დაბა კაზრეთში “არემჯის” გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გასვლით შეხვედრაზე სტუმრები კომპანიის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებსა და ღონისძიებებს დეტალურად გაეცნენ.
„დღეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილზე გაეცნენ „არემჯის“ მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებს, რომელსაც კომპანია 2 წელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული მიწერილობის ფარგლებში ახორციელებს. ვფიქრობ, რომ კომპანიამ შეძლო და შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. წელს დასრულდება წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საწარმოო ტერიტორიიდან გამდინარე წყალი, ჯერ გაივლის გამწმენდ ნაგებობებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდება მდინარე მაშავერაში, რაც დაბინძურებისგან მის სრულ დაცვას უზრუნველყოფს,”- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირქტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოინახულეს მადნეულის კარიერის მე-4 სანაყაროსა და მასზე მიმდინარე დატერასების პროცესი, მე-3 სანაყაროზე მოწყობილი წყალშემკრები რეზერვუარები, მე-2 სანაყაროსთან მოწყობილი მჟავე წყლების შემკრები დამბა, რეკულტივაციის ექსპერიმენტული უბანი და სადრენაჟო არხები. ასევე მდინარე კაზრეთულას დაცვის ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სანიაღვრე სისტემა და ავზები, ექსპლუატაციაში შესული თანამედროვე მტვერდამჭერი სისტემები და სამსხვრევ უბნებზე დამონტაჟებული მტვერთან ბრძოლის სპეციალური დანადგარები.
„სამოქალაქო საზოგადოებასთან და პარლამენტის წევრებთან ერთად მიმდინარეობს დაკვირვება იმ პროგრესზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის მიწერილობის შესრულების კუთხით არსებობს. კომპანია ინტენსიურად მუშაობს მნიშვნელოვანი კრიტიკული წერტილების გამოსწორებაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროს სპეციალურმა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება. მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება სპეციალისტების მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თვალითაც გვეხილა ის გარკვეული სამუშაოები, რომელიც კომპანიაში ეკოლოგიის გამოსწორების კუთხით მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ , რომ 2020 წელს კრიტიკული საკითხების ძირითადი ნაწილი იქნება მოგვარებული. უკვე ვნახეთ რამდენიმე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც ძირითადად წყლის დაბინძურებისგან დაიცავს გარემოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩნილი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდეს.“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა სათხის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციის ინიციატორიც საყდრისის კომიტეტია, ხოლო რეკონსტრუქციის ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს კომპანია „არემჯი“.
„დღეს გაიმართა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა კაზრეთში. გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ვაკვირდებით იმ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განიცადა. შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაბინძურების კუთხით რა საფრთხეებიც არსებობდა, ფაქტიურად საუკეთესო თანამშრომლობის ფორმატში არის მოგვარებული. არემჯის საბადოებზე წყლის რეზერვუარების, მტვერდამჭერი სისტემებისა და ტერასების მოწყობა აუცილებელი წინა პირობა იყო, რაც სამინისტროს მიწერილობის ფარგლებში და ასევე სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით ხორციელდება. მიხარია, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობის ფორმატს ვადევნებთ თვალს სამუშაო ჯგუფს, სამინისტროსა და თავად კომპანიას შორის,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.