დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.

შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებსა და სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საინფორმაციო კამპანიაში ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

„სემეკი მხარს უჭერს ასეთი ტიპის საინფორმაციო კამპანიებს. მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული CO-ს დაგროვების საფრთხესა და ბუნებრივი გაზის სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების შესახებ. ყოვლად დაუშვებელია, როდესაც მოსახლეობა თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელიდან ჩახსნილ ბუნებრივი გაზის სიცოცხლისათვის საშიშ დანადგარს, რომელიც კომპანიამ შეამოწმა და სწორად იმიტომ ჩახსნა ქსელიდან, რომ მოსახლეობა შესაძლო რისკებისგან დაეცვა. აუცილებელია, რომ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობებთან ერთად, შპს „თბილისი ენერჯიმ“ უსაფრთხოების კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო. უფროსკლასელებისთვის სპეციალისტები გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები