აკაკი საღირაშვილი: ინტერნეტუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.
მან მონაწილეობა მიიღო “უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი” მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელზეც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ციფრულ სამყაროში პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
„მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარებამ იმატა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და განსაკუთრებით ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „უსაფრთხო ინტერნეტის დღის” მიზანია ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე” 2005 წლიდან ყოველ თებერვლის თვეში აღინიშნება “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.