ანრი ოხანაშვილი: არსებობს რამდენიმე საკანონდებლო ინიციატივა, რომლის გაერთიანებაც შესაძლოა ერთ პაკეტში მოხდეს

“აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დაინიცირებულია რამდენიმე პროექტი, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საკითხი მხოლოდ გადავდოთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის თაობაზე კომიტეტებში განხილვის დაწყება მალე დაანონსდება.

“აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დაინიცირებულია რამდენიმე პროექტი. ფინანსთა სამინისტროს დაინიცირებული აქვს პაკეტი, რომელიც შეეხება არამხოლოდ აზარტული თამაშების რეკლამებს არამედ, მთელ რიგ საკითხებს. საკითხი ასევე, დაინიცირებულია ჩვენი კოლეგების მიერ უმრავლესობიდან და ასევე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საკითხი მხოლოდ გადავდოთ. გეთანხმებით, რომ არ შეიძლება საკითხის გაჭიანურება და ჩვენ ამას არ ვაჭიანურებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, ვაწარმოებთ ძალიან ბევრ სამუშაო შეხვედრას. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ვათანხმებთ პოზიციებს და მათ შორის, ის პროექტიც, რომელიც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა დააინიცირეთ, ითვალისწინებს იმ საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლოა მთლიანად ერთ პაკეტში მოხდეს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხი ისე დარეგულირდება, რომ ბალანსი დაცული იყოს.

„ვფიქრობ, საზოგადოებასთან ერთად, ამ საკითხს ძალიან კარგად და სწორად დავარეგულირებთ ისე, რომ დაცული იყოს ბალანსი. ადამიანებს, ვინც ამ პროცესში არიან ჩართულნი, ხელი შევუწყოთ იმისთვის, რომ არ იყვნენ თამაშებზე დამოკიდებული და მეორე მხრივ – მაქსიმალურად არ დავაზიანოთ არავის ინტერესი. არავის ეგონოს რომ ეს საკითხი ყურადღების მიღმა არის. ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან მალე, კონკრეტულ გეგმას წარმოვადგენთ თუ რას როგორ გავაკეთებთ. მათ შორის, შეხვედრები და კონსულტაციები გვექნება თქვენთანაც”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები