ანკარაში, “სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის” მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა
თურქეთში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ანკარის პოლიფონიური გუნდის – „Anchorus” ორგანიზებით, ანკარის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის” მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი, რომლის ფარგლებშიც, გუნდის წევრების მიერ ხალხური სიმღერები ქართულ, აფხაზურ, მეგრულ, ჩერქეზულ, ჩეჩნურ და თურქულ ენებზე შესრულდა.
კონცერტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გუნდის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სამადლობელი სიგელი გადასცა. კონცერტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ანკარის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებას თურქეთის სამოქალაქო და შემოქმედებითი საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გუნდი ეთნიკურად ქართველი და თურქი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.