მამუკა მდინარაძე: “დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზების განხილვა შესაძლებელია, თუმცა არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის შესახებ წინადადებას არ დავეთანხმებოდი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზებას გამოეხმაურა.

მდინარაძის შეფასებით, შეთავაზების განხილვა შესაძლებელია.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ვერსიის განხილვა შესაძლებელია. არ დავეთანხმებოდი არჩევნების სავალდებულობას, რადგან რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს და პრაქტიკულად არ მუშაობს, რადგან სახელმწიფო ვერ აიძულებს ამომრჩეველს, არჩევნებზე მოვიდეს, თორემ, რაღაც სანქციებს მიიღებს. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების დაწესება სწორად არ მიმაჩნია. დანარჩენზე, კონკრეტულ დეტალებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ოპოზიციისგან კომპრომისი არ მოგვისმენია, მათი მხრიდან თუნდაც დაბალხარისხიანი კომპრომისი არ მოგვისმენია. ეს არის პირველი, რაც მოვისმინეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მმართველ გუნდს კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება.

“1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები