საქართველოს ცესკო: აზერბაიჯანში არჩევნებზე დაკვირვებისთვის ობიექტური პირობები იყო შექმნილი – უბნებზე ნეგატიური ფაქტები არ გამოვლენილა
“აზერბაიჯანის ცესკომ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის მას ცოტა დრო ჰქონდა, აზერბაიჯანელ კოლეგებს ვულოცავ“, – განაცხადა ბაქოში პრესკონფერენციაზე, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლისთვის შექმნილი პირობები, ინკლუზიური ფორმით გამართვის შესაძლებლობას იძლეოდა.
„ბაქოში 10 საარჩევნო ოლქში ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს. ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ამ დროისთვის, ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებული იყო. უბნებზე არც ერთი ნეგატიური ფაქტი არ გამოვლენილა. არჩევნებზე დაკვირვებისთვის ყველა ობიექტური პირობა იყო შექმნილი“, – განაცხადა შარაბიძემ.
საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ დაკვირვება, რომელიც 10 საარჩევნო ოლქში ჩატარდა არ იძლევა შესაძლებლობას 5 ათასზე მეტ უბანზე გამართულ პროცესზე საერთო სურათის დადებას, თუმცა მისივე თქმით, „იმ ოლქებში სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ჩვენი საქმიანობის გაფართოებას მაქსიმალურად ვცდილობდით. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ დაკვირვებისთვის ოლქები ჩვენ თვითონ ავარჩიეთ, რაც პროცესის გამჭვირვალობაზე მიუთითებს“.