ჩინეთიდან თბილისში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ფრენების აკრძალვის გამო ვერ ახერხებდა, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, საქართველოში მათი ტრანსპორტირება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“  უზრუნველყო.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, მგზავრებმა ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა დაასრულეს.

,,ვადასტურებთ, რომ სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთის საელჩოდან საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება, ეს ინფორმაცია გაეგზავნა საკოორდინაციო საბჭოს, რის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო მათი დაბრუნება საქართველოში. მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, მათ გაიარეს საკარანტინო პროცედურები გამოფრენამდეც. ამჟამად ისინი იღებენ რჩევა-დარიგებას, თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც ისინი დაბრუნდებიან სახლში. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები, მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები”, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

ცნობისთვის, 29 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები