საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა მაღალი გამავლობის ახალი მანქანები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა მაღალი გამავლობის ახალი მანქანები – 6 სპეციალიზებული „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ გადასცა.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის.
“​ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.
​ახალი ავტომობილების ნაწილი გადაეცემა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს, ერთი მანქანა – აჭარაში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და ერთიც -სვანეთში, მესტიის განყოფილებას.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა სამაშველო ტექნიკა ქართულ მხარეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადასცა.
ავტომანქანების გადაცემის ცერემონია სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით სუხიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს, მაიორ კვინტინ დოლს უმასპინძლა. დავით სუხიშვილმა მაიორ დოლს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს, როგორც პირადი შემადგენლობის შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განვითარების მიმართულებით”,-აღნიშნულია ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები