ირლანდიაში საქართველოს საელჩომ თსუ-ის რექტორის და ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას უმასპინძლა
ირლანდიაში საქართველოს საელჩოში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან „დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდობის ჩართულობით” დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის და ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ირლანდიაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან.
შეხვედრაზე ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საქართველოს პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ პრიორიტეტზე, რომელიც ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული ახალგაზრდობის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაზრდას გულისხმობს. მან საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალგაზრდობის სახელმწიფო სტრატეგიაზე და ამ მხრივ არსებულ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. მან საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ და მზარდ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, განათლების სისტემებს შორის თავსებადობასა და ახალგაზრდული სექტორის პრიორიტეტებზე.