თენგიზ ცერცვაძე: 9 პაციენტი გაეწერა, მათ კორონავირუსი არ ჰქონდათ, კლინიკაში ახალგაზრდა ქალი რჩება, გამოკვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი, რომელიც შანხაიდან სამი დღის წინ ჩამოვიდა ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში დღეს საკუთარი სურვილით გამოცხადდა და მას, ახალ კორონავირუსზე ანალიზს ხვალ აუღებენ, პასუხები ცნობილი ხვალვე იქნება.
„ამ დროისთვის ცხრა პაციენტი, რომელიც წინა დღეებში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, გაწერილია. ყველა მათგანს გამოკვლევები ჩაუტარდა და გამოირიცხა მთლიანად ახალი კორონავირუსით ინფიცირება. დღეს არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ახლახანს შემოიყვანეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, იყო შანხაიში. აქვს დაბალი ტემპერატურა – 37.1. 38 არ აქვს, მაგრამ არის ცნობები მსოფლიოში, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მიდის, ამიტომ ჩვენთან გაძლიერებული ყურადღებაა და ყველა პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურის მატება, ხველა და იყო ჩინეთში, მაინც ვიკვლევთ. ახალგაზრდა ქალი საქართველოს მოქალაქეა. ის მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, უტარდება გამოკვლევები. მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს კორონავირუსზე და ხვალვე, შუადღისას იქნება პასუხები. დიდი ალბათობით, კლინიკური დაკვირვებით, ამ ქალბატონს არ აქვს კორონავირუსი. მას დაბალი ტემპერატურის გარდა ჰქონდა ხველა. პნევმონია არ დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალბატონი სამი დღის წინ დაბრუნდა ქვეყანაში და ის კლინიკაში საკუთარი სურვილით გამოცხადდა“,- განაცხადა ცერცვაძემ.