ივანე მაჭავარიანი: გადახდისუუნარობის რეფორმა Doing Business-ის რეიტინგზე იმოქმედებს
გადახდისუუნარობის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ამოქმედება, ვფიქრობთ, იმოქმედებს Doing Business-ის რეიტინგზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტროც.
„ეს არის ძალიან საინტერესო და პროგრესული კანონი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანონი მზად იყო, შეთანხმება მიმდინარეობდა ორ კომპონენტზე: ერთი იყო, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ის, რომ აღსრულების ბიურო იყო მონაწილე გადახდისუუნარობის პროცესში და მას ჰქონდა გადამწყვეტი ფუნქცია და მეორე მხრივ, როდესაც დგებოდა აქტივების განაწილების საკითხი, რიგითობაში შემოსავლების სამსახურს ჰქონდა პრიორიტეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ საუკეთესო გამოცდილება, დავახარისხეთ ქვეყნები იმ ჯგუფებად, სადაც არის ყველაზე ლიბერალური და პრობიზნესური გარემო. ბევრი მოლაპარაკების შედეგად, ორივემ დავთმეთ პოზიციები და შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპონენტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ჩაერთოს, რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს – ჩვენ თავი დავიყენეთ ჩვეულებრივი კრედიტორის რიგში იმისდა მიხედვით, ვისთან როდის წარმოიშვა ვალდებულება. ეს არის ძალიან კარგი და კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, უწყებრივი ინტერესები გაიწიოს მეორე პლანზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, გადახდისუუნარობის რეფორმის შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდება Doing Business-ის გადახდისუუნარობის რეიტინგში, რაც თავის მხრივ, იმოქმედებს ზოგადად, Doing Business-ის რეიტინგზე.