ივანე მაჭავარიანი ტელევიზიების დავალიანებაზე: ინტენსიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ პირობა, რომ ვალი არავის დაუგროვდეს, ძალაში რჩება
ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, რომ “მინისტრის საათის” დროს უკვე მეცოდინება ზუსტი შეთანხმების პირობები და იქ გავაჟღერებ, მაგრამ ის პირობა, რომ ვალი არავის უნდა დაუგროვდეს, ძალაში რჩება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ტელევიზიების ძველ ვალებთან დაკავშირებით შეთანხმების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, რომ რაც კი 1-ლი ოქტომბრის შემდგომ გადასახადი აქვთ, გადაიხადონ, რათა სამომავლოდ ვალები არ დაგროვდეს, მეორე ნაწილი იყო ძველი დავალიანების საკითხი. გეთანხმებით, ძველ ვალებთან დაკავშირებით პროცესი გაიწელა, რადგან მართლა ძნელი იყო შეთანხმება იმ ვადებზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით, თუმცა მათი შემოთავაზებული ვადებიც გრძლად მოგვეჩვენა. ვადები სხვადასხვა იყო და მათ შორის 10-მა წელმაც გაიჟღერა, თუმცა ახლა ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში “მინისტრის საათის” დროს უკვე მეცოდინება ზუსტი შეთანხმების პირობები და იქ გავაჟღერებ, მაგრამ ის პირობა, რომ ვალი არავის უნდა დაუგროვდეს, ძალაში რჩება. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ფისკალურად ძალიან მნივშენლოვან თანხაზეა საუბარი. რომ ვნახოთ, 2020 წელს რა თანხას ველოდებით აქედან, იმ პირობებში, როცა ყველა კეთილსინდისიერად გადაიხდის, შედეგი ძალიან შთამბეჭდავი იქნება და ამ ინფორმაციასაც მოგაწვდით“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, „ეროვნული მულტიპლექსის“(„სტერეო+“) შემთხვევაშიც იგივე მიდგომა ვრცელდება.
„თუ სწორად მახსოვს, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, კომპანიას, დაახლოებით, 204 ათასი ლარით აქვთ გაზრდილი დავალიანება. ამ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ინკასო მოეხსნებათ, ხოლო ძველ დავალიანებაზე იქნება ის მიდგომა, რაც სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში“, – აღნიშნა მან.