“შეცვალეს” წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ კრემლის ბანერი გააკრეს
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ, ე.წ. მწვანე ბარიერზე ბანერი გააკრეს, რომელზეც კრემლია გამოსახული.
“ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა კი საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა.
მისი თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში ვერ მოხვდება.
“ჩვენ გვინდა არა მარტო ივანიშვილის დანაშაულებრივი პოლიციური ავტორიტარული რეჟიმის დასრულება, არამედ ახალი ივანიშვილები, თუნდაც სააკაშვილები, პეტრიაშვილები, პავლიაშვილები აღარ მივიღოთ, ამის საუკეთესო გზაა პროპორციული არჩევნები, სადაც ძალაუფლება ერთი კაცის ხელში ვერ მოხვდება და ვერც, დანაშაული, შეცდომა ვერ განმეორდება. ბოლშევიზმის სიმბოლოა ეს წითელი, საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშა, რომლის დაწვაც განვახორციელეთ აქ და საზოგადოებას ვპირდებით, რომ ოდნავ მეტი ძალისხმევა და ჩვენ ბოლშევიკურ წარსულს დავასრულებთ”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.