ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, როტერდამში გაგზავნილი ანალიზების პასუხი უარყოფითია

თბილისიდან როტერდამის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებზე უარყოფითია, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

“საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ 6 ადამიანია. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ორ ადამიანზე იყო, ორივე ჩინეთშია ნამყოფი, ერთი ქალაქ უხანში იყო, ვიცით, რომ 22 რესპირატორულ ვირუსზე ჩატარდა კვლევა, ყველაზე იყო უარყოფითი პასუხი. მასალები კვლევისთვის გადაიგზავნა როტერდამში, ლაბორატორიაში. ამ დილით მივიღეთ პასუხი, ორივე შემთხვევაში უარყოფითია პასუხი. არსებობდა რისკები, რადგან ორივე ნამყოფია ჩინეთში. პასუხების უარყოფითობა დღეს დილით, ლუგარის ცენტრშიც დადასტურდა.

ეს ორი ადამიანი ასევე გამოკვლეულ იქნა თბილისში, შედეგები გახლავთ იგივე რაც როტერდამის ლაბორატორიის. ერთის მხრივ, ჩვენით დავსვით დიაგნოზი, მეორე მხრივ შედეგები გადავამოწმეთ ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ლაბორატორიაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, დღეიდან ჩვენ არ დაგვჭირდება მასალების გადაგზავნა არსად. საქართველოში იქნება კვლევის ჩატარების საშუალება თუ დაფიქსირდა სავარაუდო შემთხვევა და დიდი ალბათობით, ალბათ, გვექნება იმიტომ, რომ ეს ეპიდ აფეთქება ასე მალე არ დამთავრდება. შესაძლებელი იქნება ადგილზე კვლევის სრულად ჩატარება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები