უხანში ათას პაციენტზე გათვლილი ახალი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ უხანში, ათას პაციენტზე გათვლილი ახალი საველე ჰოსპიტლის მშენებლობა დასრულდა და პერსონალი მუშაობას შეუდგა.

საავადმყოფოს აშენება 23 იანვარს დაიწყო და 10 დღეში დასრულდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მშენებლებს შორის ისეთი მუშები იყვნენ, რომლებიც 17 წლის წინ, პეკინში ასევე დაჩქარებული მეთოდით, ჰოსპიტალი ააშენეს.

უხანში კიდევ ერთი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 1600 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განხორციელება 26 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება.

უხანში ვირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ 1400 სამხედრო ექიმია ჩასული, ასევე ჩინეთის სხვა პროვინციებიდან ათასზე მეტი სამოქალაქო ექიმი-მოხალისე.

მედიკოსების უმრავლესობას ებოლას ციებცხელებასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.

ბოლო მონაცემით, ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 475 შეადგენს, მაშინ როდესაც 2 თებერვლის მდგომარეობით, ვირუსს 361 ადამიანი ემსხვერპლა.

დაავადებულთა რაოდენობა ჩინეთის 31 პროვინციაში, 17 205 ათასს შეადგენს, მათგან 2296 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, 2829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები