“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” ახალი დირექტორი ჰყავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის თანამდებობაზე თამარ არჩუაძე წარადგინა. ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს ნათია თურნავამ პირადად გააცნო.
“ვუერთდები გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. ვთვლი, რომ შევძლებ შევმატო მათ ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც დავაგროვე ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება – ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და გავხდეთ რეგიონში საუკეთესო”,-განაცხადა წარდგენისას თამარ არჩუაძემ.
ცნობისათვის, 38 წლის თამარ არჩუაძეს ავიაციის მიმართულებით 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის 5 წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. წლების განმავლობაში იყო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეროვნული კოორდინატორი. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, თამარ არჩუაძე სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯერია. გავლილი აქვს აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს სპეციალური ამერიკული ბიზნეს სტაჟირების პროგრამა (SABIT) აეროპორტების განვითარების მიმართულებით. ასევე, აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსის კურსი მშენებლობის ხარისხის მენეჯმენტსა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯმენტში. თამარ არჩუაძე კომპანია Boeing-ის სტიპენდიანტია.