ამირან გამყრელიძე: ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის 53 ქვეყნისთვის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს კორონა ვირუსთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 9692-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ვირუსით გარდაცვლილია 213 ადამიანი, ხოლო დაკვირვების ქვეშ რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება.
„ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ორი დღის განმავლობაში კორონა ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1982-ით გაიზარდა და დღევანდელი მდგომარეობით არის 9692 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში.
გუშინ გვიან ღამე დამთავრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადობრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. ტედროსმა გუშინ ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელ მსოფლიოზე, ანუ საჭიროა, ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ დღეს და ხვალ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციების მივიღებთ. ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის კონკრეტული რეკომენდაციები იქნება ევროპის 53 ქვეყნისთვის. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რასაც დღეს ეს რეკომენდაციები გვეუბნება. ჩვენთან კორონა ვირუსი არ ფიქსირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.