ნინო დავლიანიძე – უხანში მყოფი ყველა ქართველი ჯანმრთელად ვართ, ქალაქში პანიკა არ არის
ქალაქ უხანში ამ ეტაპზე პანიკა არ არის და ხალხი ცდილობს, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს, – ამის შესახებ საქართველოს “პირველ არხს” ჩინეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო დავლიანიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გარეთ გასვლისგან თავს იკავებს, თუმცა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ქალაქში მაღაზიები მუშაობს.
„ამ ეტაპზე ვიმყოფები უხანში. ქალაქში არ შეიმჩნევა პანიკა, მეტ-ნაკლებად ხალხი ცდილობს, განაგრძოს ცხოვრება ჩვეულ რიტმში, თუმცა ასევე ყველა ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების წესები. მე გარეთ არ გავდივარ, შესაბამისად, არ ვიცი მაღაზიების მდგომარეობა, მაგრამ რამდენადაც ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, მაღაზიები მუშაობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მეც და სხვა ქართველებიც, ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, რამდენადაც ვიცი, ყველა ჯანმრთელად არის“, – განაცხადა ნინო დავლიანიძემ.
ქალაქ უხანში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. როგორც ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, მათი ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება.