ყაზბეგიდან 9 ჩინელი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათგან ორს მაღალი ტემპერატურა აქვს
ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით გადმოჰყავთ. მათგან ორ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი არ განეკუთვნება კორონა ვირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას.
როგორც მან განმარტა, ტურისტები ჩინეთის იმ პროვინციიდან არიან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, აღნიშნულ პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
ცნობისათვის, ტურისტთა ჯგუფი საქართველოში ბაქოდან 25 იანვარს შემოვიდა, ბაქოში კი ჩინეთიდან 21 იანვარს ჩავიდა.