საგარეო საქმეთა სამინისტრო: თურქეთთან, უხანის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რომ თურქეთთან უხანის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეების მათივე თვითმფრინავით ევაკუაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ცნობისათვის, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული თვითმფრინავი უხანიდან 50-მდე მგზავრს წამოიყვანს, რომელთა შორის საქართველოს შვიდი მოქალაქეც იქნება.
მათივე ცნობით, თურქეთი ასევე აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს.