ლევან დავითაშვილი: პროექტის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე მრავალწლოვანი ბაღი 8400 -ზე მეტ ჰექტარზე გაშენდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შეჯამების დროს მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სახელმწოფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანი იყო ფერმერების მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. შედეგად ქვეყანაში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება და გაჩნდა ხალი საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარებზე ადგილის დამკვიდრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2020 და მომდევნო წლებში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. ქვეყანა შეძლებს გადამმუშავებელი მრეწველობისთვის კარგი სანედლეულო ბაზის შექმნას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე, 2019 წელს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობი შეადგენს 2,100 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ კი 13,353,000 ლარი შეადგინა.