ამირან გამყრელიძე: კორონა ვირუსის შემთხვევების 98 პროცენტი ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა დაავადება უკვე 11 ქვეყანაში მოხვდა

ჩინეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს ეზომება ტემპერატურა, თუ ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტია, მაშინ ამ ადამიანს საზღვარზე ეპიდემიოლოგი და საგანგებო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი უწევენ კონსულტაციას და იღებენ გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, საქართველო ეპიდემიის კუთხით მწვანე ზონაში იმყოფება.

“ამ დაავადებასთან ბრძოლა არ გახლავთ მხოლოდ ჯანმრთელობის უწყების პრეროგატივა და ჩართულია რამდენიმე უწყება. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთთან ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს, ყოველთვიურად დაახლოებით 5 000 ჩინელი შემოდის და გადის ქვეყნიდან. ჩინეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს ეზომება ტემპერატურა, თუ ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტია, მაშინ ამ ადამიანს საზღვარზე ეპიდემიოლოგი და საგანგებო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი უწევენ კონსულტაციას და იღებენ გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საქართველოში გამოყოფილია 4 საავადმყოფო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციას ეყრდნობა. მისივე თქმით, დილით ყველაზე განახლებული მონაცემები ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აქვს და მან პრესკონფერენციაზე სწორედ ეს მონაცემები გაახმოვანა.

“ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში. შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 პროცენტი შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები