სალომე სამადაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა ნდობა კრიზისს გაამწვავებს
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა ნდობა კრიზისს გაამწვავებს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.
სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის დასკვნით მაჩალიკაშვილების ოჯახი შეურაცხყოფილია.
“მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით და მხარდაჭერით, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. ამიტომ, გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ჩვენ ვნახეთ, ვფიქრობ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს და, დარწმუნებული ვარ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახი არის ღრმად შეურაცხყოფილი იმ დასკვნით, რაც დადო დღეს პროკურატურამ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”