ავღანეთში ოფიცერია ლიკვიდირებული, რომელიც სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაციას ხელმძღვანელობდა

ავღანეთში ღაზნის პროვინციაში 27 იანვარს აშშ-ის სამხედროების კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. აღნიშნული ინფორმაცია, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა დაადასტურა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზი დგინდება, თუმცა არ არსებობს ნიშანი იმის, რომ საჰაერო ჰომალდი მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად იყოს ჩამოგდებული“.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზნიში სამგზავრო Ariana Afghan Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა იმ ტერიტორიაზე განიცადა, რომელსაც რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ აკონტროლებს. თუმცა, მოგვიანებით ავიაკომპანიაში ინფორმაცია უარყვეს.

მედიაში მალევე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ კატასტროფა რეაქტიულმა თვითმფრინავმა Bombardier E-11A-მა განიცადა, რომელსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ელექტრონული დაზვერვისთვის იყენებენ.

დღეს ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-მა, რუსულ დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ლიკვიდირებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალი რანგის ოფიცერი, მაიკლ დ’ანდრეა, რომელიც 3 იანვარს ბაღდადში ირანის გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანაყოფის ხელმძღვანელის, ყასემ სოლეიმანის, წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

კატასტროფის შედეგად ცრუ-ს მაღალჩინოსნის გარდაცვალების შესახებ მანამდე „თალიბანში“ განაცხადეს. ამერიკულ მხარეს ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

27 იანვარს თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები