ელიზაბეთ რუდი: სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

„დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად გავხსენით სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მარო მაყაშვილის სახელს ატარებს. ეს პროექტი განხორციელდა ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. მოხარულები ვართ, რომ ეს ცენტრი უზრუნველყოფს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. მსურს, რომ კიდევ ერთხელ დავაფასო ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არსებობს ჩვენ ქვეყნებს შორის და განსაკუთრებით ვახსენო დაჭრილ და დაშავებულ მეომართა წვლილი, რასაც ისინი მსოფლიო უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების კუთხით ასრულებენ“, – განაცხადა რუდმა.

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. ახალი ცენტრი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზია, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები