ურუშაძე: თითოეული ავარია უნდა იყოს მაგალითი და პრევენცია იმისთვის, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს

თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს მაგალითი და პრევენცია იმისთვის, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს, – ამის შესახებ რანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ურუშაძე ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა და ავარიების ყველა მაპროვოცირებელი მიზეზის დადგენა ხდებოდეს.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი ღონისძიება, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა. ჩვენ გვახსოვს ტექინსპექტირების რეფორმა, ე.წ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია შსს-ს მხრიდან, რომელიც გულისხმობდა დამატებით ვიდეო კამერების განთავსებას საავტომობილო გზებზე, გვახსოვს ქულთა სისტემა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი არ გვაქვს. კვლავ იზრდება სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის დონეზე ხელისუფლებას აქვს არასწორი პრიორიტეტები და ის, რაც ხდება დღეს საავტომობილო გზებზე არის აღმასრულებელი ხელისუფლების გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი.

ჩვენ არ ვიცით რა იწვევს, ავტოსაგზაო შემთხვევებს იმიტომ, რომ შსს და მთლიანად ხელისუფლება უბრალოდ ავტოსაგზაო შემთხვევებს აღწერს და ითვლის გარდაცვლილების და დაშავებულების რაოდენობას. ბრალეულობა გამოდის მხოლოდ მძღოლთან მიმართებით და არ ხდება შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა. თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს მაგალითი და პრევენცია იმისთვის, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება იყოს პროვოცირებული სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებით: ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, ავტომობილების ტექნიკური მდოგოამრეობა, კლიმატური პირობები, ადამიანური ფაქტორები, მონიტორინგი, აღსრულება და სხვა უამრავი რამ. უნდა იყოს გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. უნდა დაიწყოს თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა და ყველა მაპროვოცირებელი მიზეზის დადგენა“ განაცხადა ურუშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები