ილია მეორე: მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა, წმინდა ნინო შუამავალია ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. გეძლევათ კურთხევა, ყოველ დღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი,” – განაცხადა ილია მეორემ.