თბილისში ძველი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ძველი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. ყვითელი ავტობუსები ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსებით 4 მარშრუტზე ჩანაცვლდა.

როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, ზღვისუბნის მაჟორიტარი თამარ ტალიაშვილი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი (დიღმის მასივი) თარაშ შურღაია და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი ვლადიმერ ძნელაძე სამაჟორიტარო ოლქებში აკვირდებოდნენ. დეპუტატებმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრეს.

თბილისის საკრებულო საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, ავტოპარკის განახლების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომლის მიზანი ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა.

“მინდა, ვაშლიჯვრის მოსახლეობას ახალი ავტობუსების ხაზებზე გასვლა მივულოცო. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა, ევროსტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით იმგზავრებენ. ჩანაცვლების პროცესი მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება. დედაქალაქის მთავრობის მიზანი, თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად განახლებაა”,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის განცხადებით კი, მუნიციპალური ავტოპარკი ზღვისუბანში თითქმის სრულად განახლდა. ძველი ავტობუსები ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ხაზზე მოძრაობენ და მათი ჩანაცვლება წლის ბოლომდე მოხდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში უკვე ხუთ ხაზზე ჩანაცვლდა ავტობუსები. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ერთი მხრივ, მოქალაქეთა სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, კი გარემოზე ზრუნვას. ზღვისუბანში ორ ხაზზე დარჩა ძველი ავტობუსები, რისი ჩანაცვლებაც 2020 წლის დასრულებამდე მოხდება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები