ამირან გამყრელიძე: ზუგდიდში, 22 წლის ქალი “ბე” ტიპის ვირუსით გარდაიცვალა, არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის “ბე” ტიპის ვირუსით გარდაიცვალა.

როგორც მან განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო.
​„რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. ინფორმაცია რაც გავრცელდა, თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ ორი საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. სამწუხაროდ, აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის “ბე” ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, ​ზუგდიდში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები