ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება
ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება,- ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო “ბუდაპეშტი“ ააშენონ.
ხმალაძის თქმით, მერია უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არასოდეს არ დგამს.
“ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე: ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ დღეს, არ არის სწორი და მესამე – მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება. სადაც უნდათ, იქ იდავონ. რას აპირებენ ახლა, ჯერ სასამართლოდან ბოლომდე გამოსულები არ არიან, ნებართვა არ აუღიათ. თუ არბიტრაჟში უნდათ წასვლა, წავიდნენ. ჩვენ არ ვთვლით, რომ რამე ზარალი გვაქვს ვინმეზე ასანაზღაურებელი. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. ნუ გვემუქრება ნურავინ არბიტრაჟით იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.