“ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან შეუძლია, დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება ასეთი აჟიოტაჟი”?

“ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც აშშ-ის მთავრობისგან, ისე ჩვენი ევროკავშირელი მეგობრებისა და პარტნიორებისგან. არამხოლოდ მთავრობისგან, არამედ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან, რომელიც ძალიან სამგლოვიარო და სამწუხარო იყო, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის, ეს სახეზეა და ეს გაფორმებულია შესაბამისი აქტის სახით”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ს ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეული კონგრესმენი თუ პოლიტიკოსი, თუ „ფრონტერას” ბედი აწუხებს, თავისუფალია, დაწეროს.

„მაგალითად, დღეს ბოკერიას, ემზარ კვიციანს, ანრი ოხანაშვილს, ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან, ყველას შეუძლია დაჯდეს და დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება თუ არა ასეთი აჟიოტაჟი?” – სვამს კითხვას იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი აქვე იხსენებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარს კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ დავაკვირდებით ძალიან დელიკატური ქალბატონის ელიზაბეთ რუდის განცხადებას… როდესაც ჰკითხეს, მან ძალიან რაფინირებულად, მართლაც, არ შეიძლება მოხიბლული არ იყო, მან ორჯერ თქვა: წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას აქვს მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი თავისუფალია, თქვას”, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებებს, რაზეც, წულუკიანის თქმით, ძალიან დიდი აჟიოტაჟია, რომ გუშინ ბატონი კუჭავა იქ ბრძანდებოდა, ეს რა თქვეს ევროპარლამენტარებმა, როგორ თქვეს და ა.შ. მინისტრი იხსენებს ევროპარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს და მის პასუხს.

„თუ არ მეშლება, 2018 წელს ხდებოდა ეს, პრეზიდენტი მაკრონი ევროპარლამენტარების წინაშე ზის, დგება ერთი ევროპარლამენტარი და ეუბნება უმძიმეს რამეს: ბატონო საფრანგეთის პრეზიდენტო, თქვენ ხართ ის პრეზიდენტი, ვინც დაარღვიეთ საფრანგეთის ეროვნული დევიზი – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და უხსნის, რომ თქვენ უთვალთვალებთ პოლიციის საშუალებით, უბრალო ეჭვის გამო ხალხს ყრით ციხეში, საშინელებებს ეუბნება და ჩუქნის თოკს. ამაზე უარესი რა შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტმა მოისმინოს. გუშინ მე რაც ვნახე, კუჭავასთვის თოკი არავის უჩუქებია. მაკრონმა უპასუხა, ნეტავი შენს ადგილზე ვიყო, ესტრადაზე ყოფნა რა ადვილიაო. საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა ევროდეპუტატს. ეს რომ ჩვენმა დეპუტატმა ან ვიცე-სპიკერმა კუჭავამ ევროდეპუტატს უთხრას, ესენი თავს ჩამოიხრჩობენ, ეს როგორ გაუბედეთ ევროდეპუტატს. ევროდეპუტატი არის დეპუტატი, როგორც დეპუტატი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ არის ეს ნეოკოლონიალური სინდრომი, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნეოკოლონიალური სინდრომით არ არის დაავადებული.

„ის, რომ „ქართული ოცნება” და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი ნეოკოლონიალური სინდრომით არ არის დაავადებული, სწორედ ამიტომ არის ის მიუღებელი ასეთი სინდრომით დაავადებული ქართული პოლიტიკური ძალებისთვის, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის, ალბათ, არ შემეშლება, ერთ-ერთი პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ვინც არის გარანტი და სიმბოლო იმისა, რომ ის შეძლებს ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს უთხრას, რომ, იცით რა, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ქართველის ინტერესში არ შედის. შესაბამისად, თუ ასეთი სინდრომით ხარ დაავადებული, რომ პირველ რიგში ის გაინტერესებს, „ფრონტერამ” ვის აღუკვეთა ხელფასი, ამგვარი სინდრომი მათთვის მისაღები არ არის. მათთვის მისაღებია სინდრომი – რა იცის იუსტიციის მინისტრმა, აბა ვკითხოთ, უცხოელი რას ფიქრობს, რა იცის საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, რომელიც კომპანიაში შრომობს და ხელფასს აღარ აძლევს უცხოური კომპანია, უცხოელმა უკეთესად იცის. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პარტნიორების პოზიციას ვისმენთ, თუნდაც იმ კონგრესმენის, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული, წერილებსაც ვკითხულობთ, რა პრობლემაა, მაგრამ მთავარი მაინც არის ის რეალური პრობლემები – ეკონომიკური, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ და რაც მთავარია, ამ პრობლემების მოგვარება გამორიცხულია, თუ ქვეყანაში არ იქნა სტაბილურობა, მშვიდობა და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ნამდვილად არ შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შალვა რამიშვილის თქმით, ეს ითარგმნება რუსეთუმეობით და რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი სინდრომით დაავადებული ადამიანებისთვის კრემლი ჩაანაცვლა სხვადასხვა ევროპულმა თუ ამერიკულმა დედაქალაქმა, „პრავდა” – „ვაშინგტონ პოსტმა”. მისივე თქმით, ეს ჟურნალისტებსაც სჭირთ, რახან ან კონგრესმენმა თქვა ან „ვაშინგტონ პოსტმა” დაწერა ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. თეა წულუკიანის თქმით, ალბათ, პრეზიდენტ მაკრონს ვერ დავაბრალებთ, რომ ის არის რუსეთუმე და პუტინის აგენტი.

„აბრალებენ, მაგრამ გონიერი ადამიანები ამას არ აკეთებენ. როდესაც ის ევროპარლამენტარს ეუბნება, შენ რა გიჭირს, ესტრადაზე დგახარ, ეს მე მკითხე, როდესაც უნდა ვებრძოლო ტერორიზმს, უნდა ვებრძოლო დანაშაულს. პირდაპირ ეუბნება, ეს თქვენ შეგშვენითო”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები