მამა ანდრია სარია: ქრისტიანის სტატუსს და წოდებას ვერავინ წამართმევს
ქრისტიანის სტატუსს და წოდებას ვერავინ წამართმევს,- ასე გამოეხმაურა მამა ანდრია სარია მისთვის მღვდელმსახურების აკრძალვას. მისივე თქმით, საეკლესიო სივრცე ფაქტობრივად მოშლილია.
“ქრისტიანის სტატუსს და წოდებას ვერავინ წამართმევს. ეს არ არის კანტორა რომელიმე კონკრეტული გვარების, თუ შიოლაშვილების. ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის. შანტაჟის ენა და მუქარების აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წლებია უკვე ლაპარაკობენ სიმართლეს. მამათმავლები, ნარკომანები ესენი მფარველობაში ჰყავდათ ეკლესიაში. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეკლესიაში დაგროვებული პრობლემები მოგვარდეს ნელ-ნელა თითქოს მოცილებულია მათგან. მსურს პატრიარქთან შეხვედრა, მან მიიღო ეს არაკანონიკური გადაწყვეტილება, თუ მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს? მინიმუმ ექვსმა მღვდელმთავარმა უნდა განსაჯოს მღვდელი თუ რაიმე კონკრეტულად კანონიკურ დარღვევაშია მხილებული, მაგრამ დაბარება არ მომხდარა. საეკლესიო სივრცე ფაქტობრივად მოშლილია”,- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.
„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,- ნათქვამია ბრძანებაში.