ნინო წილოსანი: ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სწორი ურბანული განვითარებაა შესაძლებელი, უნდა გადაიდგას დროული და მკაფიო ნაბიჯები
“კოჯორი-შინდისის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვების შეჩერება სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – ასე პარლამენტარი ნინო წილოსანი კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებების მომზადებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მერიის გადაწყვეტილება მართებულია.
„მერიის გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს ამ ტერიტორიებზე განაშენიანების პროგრამა, არის მართებული. მნიშვნელოვანია, ასევე, აღინიშნოს, რომ უკვე ჩატარებულ სამუშაოებთან ერთად – გზების, კომუნიკაციის, საჯარო და სოციალური სივრცეების მოწყობის პარალელურად, მომზადდება ბიზნესისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პროექტები.
დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ტერიტორიის განვითარებას გულშემატკივრობს, კმაყოფილი დარჩება. მსგავსი მიდგომები მაშინ რომ ამოქმედებულიყო, როდესაც თბილისი ურბანული განვითარების ზენიტში იყო, არ მივიღებდით ბეტონის ქალაქს, არ ვიქნებოდით გამწვანების კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე და ქალაქს სუნთქვის საშუალება მიეცემოდა. როგორც ხედავთ, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯები კახი კალაძის მერობის პერიოდში იდგმება, თითოეულ პრობლემაზე ხდება შესაბამისი რეაგირება და მიხარია, რომ სწორედ ამ საქმიანობის ნაწილია კოჯორი-შინდისის ტერიტორიის სწორი დაგეგმარების პროექტი”. – განაცხადა ნინო წილოსანმა.